მარინ ლე პენი - საფრანგეთში წესრიგს დავამყარებ და აღვადგენ საფრანგეთის სუვერენიტეტს
მარინ ლე პენი - საფრანგეთში წესრიგს დავამყარებ და აღვადგენ საფრანგეთის სუვერენიტეტს

საფრანგეთში წესრიგს დავამყარებ და აღვადგენ საფრანგეთის სუვერენიტეტს, – ამ სიტყვებით მიმართა მარინ ლე პენმა საფრანგეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებისა და წინასწარი გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ფრანგმა პოლიტიკოსმა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ემანუელ მაკრონს მხარი არ დაუჭირეს, მოუწოდა, მეორე ტურში ხმა მას მისცენ.

მარინ ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება და ყურადღებას მიაქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფრანგული ღირებულებების გაძლიერება, იმიგრაციის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველასთვის.

„ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ და გპირდებით, რომ ხუთი წლის განმავლობაში წესრიგი დამყარდება. ვინც ხმა არ მისცა მოქმედ ცენტრისტ ემანუელ მაკრონს, მარცხნივ, მარჯვნივ და სხვაგან, შემომიერთდით, რათა დაიწყოთ ძალაუფლების დიდი ცვლილება, რომელიც საფრანგეთს სჭირდება“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა ხმათა 28.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 23.3 პროცენტი. შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.