მარინ ჩილიჩი დევისის თასს გამოაკლდა
მარინ ჩილიჩი დევისის თასს გამოაკლდა

ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი გუნდს დევისის თასის გათამაშებაში ვერ დაეხმარება, რომელიც ისტორიაში პირველად ახალი ფორმატით ჩატარდება. აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი ტრავმის შემდეგ აღდგენას ვერ ასწრებს.

„ბოლო წელიწადნახევარი ჩემთვის დიდი გამოცდა აღმოჩნდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების თვალსაზრისით, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ჩილიჩმა. – მიუხედავად ყველა მიღებული ზომისა, მუხლის პრობლემა არსად გამქრალა. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ოპერაციის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ საჭირო იქნება გარკვეული პროცედურების ჩატარება. ამის გამო, მე ჯერჯერობით, ვერ შევძლებ კორტზე გასვლას“.

დევისის თასის ფინალური ტურნირი 18 ნოემბერს, მადრიდში დაიწყება. ჯგუფში ხორვატიის მეტოქეები ესპანეთი და რუსეთი არიან.