მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. საქმე ეხება „გირჩის“, კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელს.
მოსარჩელემ მოითხოვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი.
მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მათივე თქმით, მარიხუანას მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა. გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 16:00 საათზე გამოაცხადებს.