მარიკა დათუკიშვილი - დანამატები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდა ოცნების ხელისუფლებას, დღეს უკვე დაკანონებულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოში ხელფასებისა და დანამატების გაერთიანებას აპროტესტებს.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მარიკა დათუკიშვილის თქმით, ის რაც წლების განმავლობაში უკანონოდ ხდებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაკანონდა.
საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ წინა წლებში დანამატები ბევრად მაღალი იყო სახელფასო სარგოზე, ამ ფონზე კი ბიუჯეტში სახსრები ვერ დაიზოგება.
“რამდენიმე თვის წინ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ დააკანონა ის უმსგავსობა, რასაც ჰქვია დანამატების ასახვა სახელფასო სარგოში. დანამატები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ ჰქონდა ოცნების ხელისუფლებას და რომელიც გაცილებით მაღალი იყო ვიდრე მათი ხელფასები დღეს უკვე დაკანონებულია. დანამატებს ვაპროტესტებდით წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. იმ შემთხვევაში, რომ “ქართული ოცნება” ზრუნავდეს და ცდილობდეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ან პენსიონერების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენ ამ დანამატებზე ხმას არ ამოვიღებდით, თუმცა ისინი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოპოვებას ცდილობენ”, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასევე გამოეხმაურა მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსაც და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი არ იზოგება.
„დღესდღეობით ბიუჯეტი არ გვეუბნება, რომ თანხების დაზოგვა ხდება რაიმე მიმართულებით. სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ერთიანდება კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახური. ცალკე სამსახურად იქნება ურბანული სამსახური, ჯამურად სამსახურების რაოდენობა იგივე რჩება. აქაც არის ანომალია. თუკი ნაციონალურ დონეზე ერთიანდება სპორტის და კულტურის სამსახური, მერიაშიც გაერთიანდება სპორტისა და კულტურის სამსახურები, საკრებულოში ცალ-ცალკე რჩება სპორტისა და კულტურის კომისიები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ინიციატივა, რომ ეს კომისიებიც გაერთიანებულიყო, თუკი მათ გულწრფელად სურთ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, მაგრამ, მათ ეს არ სურთ“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.