მარიკა არევაძე - მსესხებელს არანაირი მექანიზმი არ იცავს თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, რომ სესხის დაპაუზება ან გაჩერება შეძლოს
როდესაც მსესხებლის ვითარება, თუნდაც დროებით უმუშევრად დარჩენის პერიოდში, გართულდება, მას არანაირი მექანიზმი არ იცავს, – განაცხადა იპოთეკით დაზარალებულთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატმა, მარიკა არევაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მსესხებელს არანაირი დაცვის მექანიზმი არ აქვს თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, რომ სესხის დაპაუზება, გაჩერება შეეძლოს, ან მასზე საშეღავათო პირობები გავრცელდეს“, – განაცხადა არევაძემ.
მისი თქმით, პრობლემურ სესხებზე პროცენტების, პირგასამტეხლოების დარიცხვა უსასრულოდ გრძელდება და საკრედიტო დაწესებულება სასამართლოს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა წლობით დამატებული პირგასამტეხლოები დიდ თანხას აღწევს, რადგან ამ შემთხვევაში მოგება გაცილებით დიდია.
„ამას კატასტროფამდე მივყავართ. იმის ნაცვლად, რომ მსესხებლებს ხელი შევუწყოთ, რათა ფეხზე დადგნენ და სესხების დროულად დაფარვა შეძლონ, პირიქით ვექცევით. ცალკე საკანონმდებლო სივრცე, ცალკე გაბატონებული ბანკების პოლიტიკა და სამწუხაროდ, დღეს უკვე გარკვეული ტენდენციები სასამართლოშიც შეიცვალა. თუ ადრე სასამართლოს ეტაპზე გაცილებით უკეთესი შედეგის დადგომა შეგვეძლო, დღეს ეს ტენდენცია უარესობისკენ გადაიხარა“, – განაცხადა ადვოკატმა.