მარიამ შელეგია - ცესკო-ს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებსა და მოქმედ თავმჯდომარეს შორის არათანაბარი პირობებია
ცესკო-ს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებსა და მოქმედ თავმჯდომარეს შორის არათანაბარი პირობებია, რადგან თავმჯდომარეს ირჩევს ის 12 წევრი, რომელთანაც თამარ ჟვანიას ხუთწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მარიამ შელეგიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი თქვენთვის უკვე ცნობილია, ირჩევს არა პარლამენტი, არამედ კომისიის 12 წევრი, რომლის მოქმედი თავმჯდომარეც არის უკვე თამარ ჟვანია. ცოტა რთულია ამ ვითარებაში იფიქრო იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან ხუთწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს და საერთოდ, თავად ცესკო-ს განწყობა ზოგადად არჩევნების ჩატარების მიმართ არის ერთიანი, რადგან გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღება.
ძალიან ცუდია ასეთი საკანონმდებლო კაზუსი. ძალიან ცუდია, როცა ცესკო-ს წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკოს თავმჯდომარეს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, როგორც არჩევითი ორგანოს ერთ-ერთ მთავარ პირს, ირჩევს ის 12 წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდნენ. ამიტომ, ცოტა არათანაბარი პირობები არის სხვა კანდიდატებსა და მოქმედ თავმჯდომარეს შორის შექმნილი. მოქმედი თავმჯდომარე ასევე თავის თავს აძლევს ხმას“,- განაცხადა შელეგიამ.
როგორც შელეგია ამბობს, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში შესაცვლელი ძალიან ბევრია.
„ბევრი რამ არის შესაცვლელი. წლების განმავლობაში არჩევნებმა დაგვანახა, რომ არის ძალიან ბევრი ღია ხვრელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სისტემის ცვლილების თვალსაზრისით. ამ წლების განმავლობაში ესეც უნდა შეცვლილიყო საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა შესულიყო თვითონ ცესკო, რომ მისი ლეგიტიმაცია უფრო მაღალი ყოფილიყო და არ ყოფილიყო ასეთი არჩევითობა. ამაზეც უნდა ყოფილიყო საკანონდებლო ცვლილება.
სისტემასთან მიმართებაში ძალიან ბევრია შესაცვლელი. საქართველო არის 21-ე საუკუნის სახელმწიფო, ის ატარებს ძალიან ბევრ რეფორმებს სხვადასხვა სფეროში და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების ჩატარების სისტემაშიც გატარდეს რეფორმები და გადავიდეთ სრულიად ახალ სტილზე, ეს იქნება არჩევნების ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა და ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა. თბილისში პირადობის მოწმობების თითქმის 95% არის უკვე ბიომეტრიული, ის ტექნოლოგიები დანერგილია, რომელიც მომავალში მოგვცემს საშუალებას არჩევნების ჩატარების თანამედროვე სისტემაზე“,- განაცხადა შელეგიამ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ცესკო-ს წევრები თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა, კანდიდატმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისგან ხმების ორი მესამედი მიიღოს.
რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომისიის წევრები თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, არჩევანის გაკეთება უკვე კანონმდებლებს მოუწევთ. საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შვიდი დღის ვადაში აირჩიოს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.