მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია და ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
როგორც ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოხარულია, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რათა მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რათა მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, რომელმაც 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.
ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავიარეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.
„საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე, გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა, ალექსანდრა პოპსუევამ.