მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის შესასწავლად საქართველოში ამერიკული ავიაკომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტი დაიგეგმება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ავიარეისების შესაძლო განხორციელებაზე აშშ-ში გამართული მოლაპარაკებების პირველ ეტაპს დადებითად აფასებს.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება პოზიტიურად შევაჯამოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი“, – აღნიშნავს ქვრივიშვილი.
მისი თქმით, აშშ-ში ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტისას სამუშაო ფორმატის შეხვედრა გაიმართა ავიაკომპანიების „იუნაითედ ეარლაინსისა“ და „დელტა ეარლაინსის“ წარმომადგენლებთან.
„საქართველოსადმი ინტერესი არის. ორივე ავიაკომპანია იწყებს მიღებული ინფორმაციის საფუძვლიან შიდა ანალიზს და დაიგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შესასწავლად“, – წერს სოციალურ ქსელში ქვრივიშვილი.
ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება არც თუ ისე მარტივი ან სწრაფი პროცესია. შესაბამისად, შეხვედრები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – შედეგს და პროცესების დაჩქარებული ვადებით მართვას.