მარიამ ქვრივიშვილი - ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, საქართველო რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული
მარიამ ქვრივიშვილი - ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, საქართველო რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული

ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, საქართველო რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად იზრდებოდეს ტურისტული ნაკადები და ტურიზმიდან შემოსავლები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ტურისტი მივიღოთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, რადგან ჩვენი კერძო სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები ყველა ტურისტულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად მუშაობენ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები გასულ წელს აღდგა. იცით, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული მიდგომა, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან. საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც, აქ ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში. ასევე, ვერ იყენებენ ისეთ ხომალდებს, რომლებიც სანქცირებულია. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული, მეორე მხრივ კი, ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადების მიმოსვლა დაიწყო და სულ რამდენიმე დღეში გვექნება საფუძვლიანი შეჯამება, რომელ ქვეყანას რა დადებითი ეფექტი ჰქონდა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.