მარიამ ქვრივიშვილი - ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთან, რადგან „ბრიტიშ ეარვეისის“ ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზეც
British Airways-თან შეთანხმება შედგა, მოლაპარაკება დასრულებულია, ლონდონსა და თბილისს შორის, კვირაში 4 სიხშირით, British Airways პირდაპირ ფრენებს 2025 წლის მარტიდან შეასრულებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.
„ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთან, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზეც – British Airways-ს, ე.წ. კოდშეარ თანამშრომლობა აქვს American Airlines-თან. საქართველოს საავიაციო და ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი ბრენდული ავიაკომპანია დაემატება. ქვეყნის მიმზიდველობა საერთაშორისო არეალზე იზრდება. გაიზრდება საქართველოს ცნობადობა ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე.
კვირაში ოთხჯერ პირდაპირი ფრენების შესრულება ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების განსაკუთრებულ ზრდას გამოიწვევს. იქმნება გაუმჯობესებული წინაპირობა აშშ-თან პირდაპირი ფრენების დანიშვნისთვის. ეს პროექტი განსაკუთრებულია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, სამ წელზე მეტია, თავდაუზოგავად იშრომა ქვეყნის ამ წარმატებისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.