მარიამ ქვრივიშვილი - ვაქცინაციისთვის ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, საქართველოში გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ვაქცინა
მმართველი გუნდის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით დამტკიცდება და უზრუნველყოფს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვაქცინის ზეგავლენასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს საჭირო ინფრასტრუქტურა, მომზადებული პერსონალი და სრული მზადყოფნა, დაუყოვნებლივ განვახორციელოთ ვაქცინაცია. შეძენილი ვაქცინების საქართველოში მოწოდებისთანავე იდენტიფიცირებულია სამიზნე ჯგუფები პირველ ეტაპზე პრიორიტეტული ვაქცინაციისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისები და შემცირდეს სიკვდილიანობა მაღალი რისკის ჯგუფებში. ამის შემდგომ, პროგრამა გაფართოვდება და დაფარავს მოსახლეობის 60 პროცენტს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული გამოცდილებით, შესაბამისად, საქართველოში შემოტანილი და გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ვაქცინა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, სექტემბერში საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ვაქცინაზე წვდომა „კოვაქსის პლატფორმის“ მეშვეობით.
„ჩვენ განვახორციელეთ წინასწარი გადახდა დაახლოებით, 1,5 მილიონი დოზის შესასყიდად, რომელიც საკმარისია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ორმხრივ მოლაპარაკებებში სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის, ვაქცინების მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოს დამატებით საჭირო დოზების შესყიდვა „კოვაქსის პლატფორმის“ მეშვეობით და 2021 წლის ბოლომდე მოხდეს მოქალაქეთა 60 პროცენტიას ვაქცინაცია.
„ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას ისევე როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რომ ერთიანი ძალისხმევით ვუზრუნველვყოთ ვაქცინის დროული მოწოდება და მოწოდების ჯაჭვის ლოჯისტიკის ეფექტური მართვა, რაც, თავის მხრივ, გლობალურ ეკონომიკას სწრაფ აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ.