მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები ამ დროისთვის უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა. დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4 700 მდე ადამიანი.
„ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ტრანსფერის და საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესი გამოირჩევა პრევენციული ზომების დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით და ოპერატიულობით.
მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს, რომლებმაც გამოიჩინა გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო, რაც გამორჩეულად კარგი მაგალითია კერძო და საჯარო თანამშრომლობის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4700 მდე ადამიანი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს სამჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.