მარიამ ქვრივიშვილი - სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს ფერმერების გვერდით დგომა, მოხარული ვარ, რომ ქართულ პროდუქციას 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია შესვლა
თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ქმნით ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომლითაც საქართველო თამამად პოზიციონირდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.
„საქართველოს სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს თქვენ გვერდით დგომა – იქნება ეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გზით. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და დღეს ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია. მეტიც, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ წარმატებით მუშაობას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. წელს არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი – „წლის აგროტურისტული ობიექტი“ შეემატა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ქვრივიშვილმა გამოავლინა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.