მარიამ ქვრივიშვილი - სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და პოტენციურ ინვესტორთა პოზიციაა, რომ მრავალძალში საერთაშორისო სტანდარტების ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება განვავითაროთ
სახელმწიფოს, მოსახლეობისა და პოტენციურ ინვესტორთა საერთო პოზიციაა, რომ მრავალძალში საერთაშორისო სტანდარტების ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება განვავითაროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არაერთი კვლევა და დისკუსია ჩატარებული.
„დავაანონსეთ ახალი კურორტი მრავალძალზე. ცხადია, ამას წინ უსწრებდა არაერთი კვლევა, დისკუსია და საუბარი, მათ შორის, კერძო სექტორთან, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოხატული ინტერესი რაჭაში ინვესტირების კუთხით. სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და პოტენციური ინვესტორების აზრი სრულად თანხვედრაშია, საერთო, შეჯერებული პოზიციაა, რომ მრავალძალი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება უნდა განვავითაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა პროექტის დასაწყებად პირველი საჭირო სერვისები შევისყიდოთ. საუბარი გვაქვს პოტენციურ ინვესტორებთან. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მრავალძალთან დაკავშირებით ინტერესი აქვს, ფაქტობრივად, ყველა იმ ინვესტორს, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რაჭაში ტურისტული მიმართულების ინვესტიცია გაეკეთებინა. შესაბამისად, მათთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ მედიასთანაც და საჯაროდაც.
კერძო სექტორს აქვს სურვილი, ინვესტიცია განახორციელონ მრავალძალის ტერიტორიაზე, შესაბამისად, გვინდა, რომ მათთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უზრუნველვყოთ და რაჭაში შევქმნათ ახალი ტურისტული კურორტი, რომელიც იქნება ოთხსეზონიანი, მოიზიდავს ინვესტიციებს, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაჭის გაძლიერებას ეკონომიკურად და, ზოგადად, ტურისტული მიმართულებით. შეჯერებული პოზიცია გვაქვს, რომ რომელიმე ახალი კურორტი თუ უნდა განვითარდეს რაჭაში, ეს არის მრავალძალი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.