მარიამ ქვრივიშვილი - საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია
ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა – ACI Europe-ს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით. საუბარია ACI-ს წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგი აღიარება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და 1 600 000-ზე მეტ მგზავრს უმასპინძლა.
„ქუთაისის აეროპორტში 37 მიმართულებით ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების ოპერირება, საიდანაც 28 არის ევროპული მიმართულება და სწორედ ქუთაისის აეროპორტს აქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ მოხდეს აეროპორტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება და მისი გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ავიაკომპანიას, მივიღოთ მეტი პირდაპირი რეისი, დავნიშნოთ ახალი მიმართულებები ევროპის ქვეყნებში, შედეგად კი, როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.