მარიამ ქვრივიშვილი - რაჭაში იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, სხარტალი, ბეთლევი, შხივანა
მარიამ ქვრივიშვილი - რაჭაში იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, სხარტალი, ბეთლევი, შხივანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, რაჭაში იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

„ჩვენ გვქონდა დავალება პრემიერ-მინისტრისგან, ვაწარმოეთ არაერთი კვლევა, მოვიკვლიეთ სხვადასხვა ადგილი და შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, გეგმაზომიერად განახორციელებს კურორტის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, მრავალძალი იყოს ოთხსეზონიანი კურორტი, შესაბამისად მოხდება კურორტის დაგეგმარება. აღნიშნულ პროცესში ჩვენ პირველივე დღიდან ჩავრთავთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, რათა სწორად იყოს კურორტის კონცეფცია შერჩეული და შემდგომ მოხდეს მისი განვითარება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან, რათა მათი ჩართულობით სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება აღნიშნულ პროექტს რაჭისთვის.

ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად გაიზრდება ტურისტული ნაკადები, იქნება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გააძლიერებს რაჭის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, იდენტიფიცირებულია სხარტალის ტერიტორია და ბეთლევის, ისევე, როგორც შხივანას. ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს დამატებითი საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, გავაჩენთ  მიზიდულობის ახალ წერტილებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თითოეული კურორტი უნდა იყოს ოთხსეზონიანი და დაგეგმარებაც შესაბამისად განხორციელდება.

„მოხდება კურორტების ისე დაგეგმარება, რომ, საბოლოო ჯამში, ეს კურორტები უპასუხებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მოლოდინებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.