მარიამ ქვრივიშვილი - მარკეტინგულ კამპანიებში ჩადებული თითო ლარიდან მიღებულ შემოსავალს ვითვლით და ის ძალიან მაღალია
მარკეტინგულ კამპანიებში ჩადებული თითო ლარიდან მიღებულ შემოსავალს ვითვლით და ის ძალიან მაღალია. თანაც, ამ კამპანიების ეფექტი გრძელვადიანია და მხოლოდ წელს არ იმოქმედებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში ქართული ტურისტული ინდუსტრიის გამოწვევები განიხილეს. გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად ეფექტურია ის მარკეტინგული კამპანია, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყნაში აწარმოებს. ქვრივიშვილის განმარტებით, მარკეტინგულ კამპანიებში ჩადებულმა თითოეულმა თეთრმა ქვეყნას ბევრად მაღალი შემოსავლი მოუტანა.
„ჩვენი ყველა კამპანია იზომება. ალბათ მარკეტინგის ყველაზე ღირებულებითი მიმართულებაც ის არის, რომ მარკეტინგული აქტივობები ყოველთვის დათვლადია. თითო ლარით და თითო თეთრით ვზომავთ, რა უკუგება და ამონაგები აქვს იმ ინვესტიციებს, რაც მარკეტინგულ კამპანიებში ჩაიდო. რადგან ჩვენ ვმართავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, ეს აღვწეროთ. დღეს შეგვიძლია, უკვე გავხსნათ ინფორმაცია, რომ თითო ლარმა, რაც გერმანიის ბაზარზე დაიხარჯა და იხარჯება, პირველ ცხრა თვეში 46,7 ლარი შემოიტანა. ეს ყველა საინვესტიციო გათვლებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა მაჩვენებლებია. საუდის არაბეთის ბაზარზე კიდევ უფრო მაღალია, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ორნიშნა ციფრებში ტრიალებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი მოსაზრებით, ინვესტიციის ამონაგების გათვლაში ამოსავალი წერტილი მაინც ის ფაქტია, რა რაოდენობის ვიზიტორი შემოვიდა ამა თუ იმ ბაზრიდან და რა მოცულობის თანხა დახარჯა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგულ კამპანიებს გრძელვადიანი ეფექტი აქვთ.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ მარკეტინგულ კამპანიებს მოკლევადიანი ეფექტი არა აქვთ. შესაბამისად, ველოდებით, რომ ამ კამპანიებს ეფექტი მხოლოდ წელს არ ექნებათ. არის ბაზრები, სადაც მოგზაურობის გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ და არის ბაზრები, სადაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას რვა თვე სჭირდება. შესაბამისად, ამას აქვს განგრძობადი ეფექტი და ველოდებით, რომ ამ კამპანიების შედეგს მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტად ვნახავთ, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე უშუალოდ დანახარჯების კუთხით“, – განუცხადა ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.