მარიამ ქვრივიშვილი - ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, მოლაპარაკებები სწრაფად და ეფექტიანად მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, ამირ ჰალევთან ონლაინდიალოგი გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა.
ონლაინშეხვედრაში ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია მონაწილეობდა.
„შედგა ძალიან პოზიტიური დიალოგი ისრაელის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ამირ ჰალევთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების თაობაზე. საქართველოსთვის და ისრაელისთვის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ისრაელი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება. ჩვენი კერძო სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობდა ისრაელის ტურისტულ ბაზარზე. როგორც ვხედავთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ეფექტიანად. ჩვენ მადლობელი ვართ იმ პოზიტიური შეფასებით, რომელიც საქართველომ დაიმსახურა როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ. როგორც სამუშაო პროცესებიდან ჩანს ისრაელი სავარაუდოდ ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც ჩვენ მოგზაურებს ივლისიდან ვუმასპინძლებთ“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, როგორც საქართველო განიხილავს ისრაელს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლისთვისაც შეიძლება, გაიხსნას ტურიზმი, ასევე ისრაელი განიხილავს საქართველოს ასეთ მიმართულებად და ეს არის პროცესი.
„ჩვენ ინტენსიურად მოკლე დროში უნდა გავიაროთ გრძელი გზა, ეს არის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ტენდენციები, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაიცვალოს. შემდგომში იქნება ერთმანეთის რეგულაციების შეჯერება, თუ რას აწესებს ორივე ქვეყანა შემომსვლელი და გამსვლელი ტურისტებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეთანხმება ქვეყნებს შორის. ისრაელი რომ საქართველოს იმ რვა სახელმწიფოს შორის მოიაზრებს, რომელთანაც გაიხსნება ტურიზმი და საქართველო თავის მხრივ ისრაელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ.