მარიამ ქვრივიშვილი - ჩემპიონატის დღეებში ბაკურიანი არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ, რაც ზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან, იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო. საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო, კონკრეტულად, ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტს საქართველოში.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.