მარიამ კუბლაშვილი - თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში მივა
მარიამ კუბლაშვილი - თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში მივა

თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში მივა, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი შესაძლოა, შეუძლოდ გახდეს. მარხვიდან და რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მედიკამენტსაც ვერ მიიღებს. ჩვენ სუს-ში შეთანხმება დავტოვეთ, რომ თუ გადაუდებელი აუცილებელი იქნება მალხაზ მაჩალიკაშვილის მისვლა საგამოძიებო უწყებაში, რაღაც ფორმით, თუნდაც ერთი საათით, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დაგეგმილი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაკითხვაზე იმყოფებოდა.