მარიამ კუბლაშვილი - მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს
სუს-ში კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის ყველა ინფორმაცია მორის მაჩალიკაშვილის ცხოვრების შესახებ, – ამის შესახებ მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა აღნიშნავს, რომ მორის მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაიკითხა 2018 წლის ზაფხულის თვეში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.
„საქმე არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად განმარტების გაკეთება არ შეგვიძლია, არც შინაარსზე საუბარი თუ რა კითხვები იყო. დასმული კითხვები გამოძიების საკითხთან რელევანტური არ იყო და აბსოლუტურად სხვა ფრაგმენტებს ითვალისწინებდა.
ჩვენთვის არ უჩვენებიათ, არ გადმოუციათ არცერთი მტკიცებულება. უშუალოდ არ მოგვისმენია ხმა, ვერ დავადასტურებთ ამ მტკიცებულებების არსებობას ან ავთენტურობას. ზოგადი კითხვები იყო ძალიან ბევრი. კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის ყველა ინფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, ყველა დეტალი.
გამოკითხვა იყო ვრცელი და მორის მაჩალიკაშვილმა ყველაფერზე ზუსტად უპასუხა. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, მოვაწერე ხელი საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც გასაიდუმლოებულია და არ გამაჩნია უფლება ვისაუბრო დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს და მიმაჩნია რომ არც იარსებებს. მე არ მომისმენია ეს ჩანაწერები და ნაადრევია დასკვნის გაკეთება. მესაჭიროება, რომ გავეცნო ამ მასალებს. ახალგაზრდაა მორისი და რამდენჯერმე ცუდად გახდა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა დღესვე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.