მარიამ ჯიშკარიანი - სასამართლო პროცესებზე დასწრებას წყვეტს თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა სჭირდება.
მარიამ ჯიშკარიანმა და ნერვოლოგმა ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, ყველაზე საფრთხის შემცველი პაციენტისთვის არის კვებასთან დაკავშირებული პრობლემა.
„დასტურდება ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზი და სამწუხაროდ, ვინაიდან არ იყო სწორი დიაგნოზი და მკურნალობა, გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება. მას ესაჭიროება დაავადებასა და შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა, რომელიც ვფიქრობ, საქართველოში შეუძლებელია. სავარაუდოდ, ოთხშაბათს კიდევ მოვინახულებ.
ყველაზე საფრთხის შემცველი პაციენტისთვის არის კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და სომატური და მეორე სერიოზული პრობლემა არასწორი ვერნიკეს ენცეფალოპათიის დიაგნოზის შედეგად განვითარებული დიაგნოზი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, ჯიშკარიანი აცხადებს:„პროცესებზე დასწრებას წყვეტს თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს“.
ამასთან, როგორც ოთარ თოიძემ აღნიშნა, დღეს რა და როგორ გაკეთდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საბოლოო პასუხი შეიძლება განსხვავდებოდეს.
„სამედიცინო დოკუმენტის შესწავლა არ მოიცავს ერთ დოკუმენტს, ეს არის სხვადასხვა რანგის მიმართულების დოკუმენტები, რომელიც უნდა გადაიხედოს თუ რამდენად ადეკვატურად არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რა და როგორ გავაკეთეთ დღეს ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საბოლოო პასუხისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ექიმებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. მასალა ძალიან მოცულობითია და როდის მოხდება ამის შეჯერება და გამოქვეყნება რთული სათქმელია მაგრამ დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“, – განაცხადა თოიძემ.