მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის „ვივამედში“ მკურნალობა ადეკვატურად არ მესახება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ ცენტრში
პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს სააკაშვილთან დაკავშირებით და იმედია, გაითვალისწინებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა, რომელიც „ემპათიის“ მედიკოსებთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს და იმედია, გაითვალისწინებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი საჭიროებს ეტიოლოგიურ, ანუ ეტიოლოგიაზე მიმართულ ავტოქტონურ მკურნალობას, რაც მიმდინარეობს ახლა. რაც პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობდა, ეს გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოგნომური მკურნალობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს. საუბარია იმ დიაგნოზებზე, რაც დეკემბერში ვთქვით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, „ემპათიის“ მედიკოსები კლინიკაში ვიზიტს ხვალაც გეგმავენ.
„ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. მაგალითად, დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციაზე ჩატარებულიყო თავის ტვინის მრტ კვლევა, ჩატარდა მაისში, ეს ადეკვატურად თუ გესახებათ, არ ვიცი. მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შედეგიც არის ნული. ვიზიტი ხვალაც იგეგმება. ვეცდებით, დასკვნა რაც შეიძლება მალე დავდოთ. რაც შეეხება ამ კლინიკაში მკურნალობას, მე ადეკვატურად არ მესახება, ვინაიდან აქ უკვე მრავალი დღეა, იმყოფება პაციენტი და მკურნალობა კვლავ სიმპტომურია. ვინ დაუშალა პენიტენციურ სამსახურს და სახელმწიფოს შვიდი თვის განმავლობაში ემკურნალა? შეძლეს? ფაქტია ერთი, რომ შედეგი არ არის“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
„ემპათიის“ ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა, სააკაშვილი საზღვარგარეთ მულტიპროფილურ ცენტრში რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ, რათა მისი თქმით, სწორად უმკურნალონ.
„ეს ეხება კვებით აღდგენის თერაპიას, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში. იმის იმედი, რომ ახლა განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ნევროლოგიაა, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.