მარიამ ჯიშკარიანი - მოსამართლე არევაძე მინიმალურად სამართლიანი თუ იქნება, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, სააკაშვილს ადეკვატურად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს
მარიამ ჯიშკარიანი - მოსამართლე არევაძე მინიმალურად სამართლიანი თუ იქნება, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, სააკაშვილს ადეკვატურად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოსამართლისთვის ამის შესახებ არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა წარდგენილი.

მისივე თქმით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაყალბებულია და მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების მიერ წარდგენილი აკადემიური დასკვნებით, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით, აგრეთვე სხვა მტკიცებულებებით და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

„მოვუწოდებ, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

„ვფიქრობ, მოსამართლე არევაძე მინიმალურად სამართლიანი თუ იქნება, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმკურნალოს ადეკვატურად, რათა გადარჩეს მისი სიცოცხლე“, – განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის ჩვენებას, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, ნინო ნადირაძემ დაბალხარისხიანი შოუ წარმოადგინა.

„ამ სასამართლო პროცესს მე ვუწოდებ მხოლოდ და მხოლოდ შოუს. დაბალხარისხიანი შოუ იყო, რაც ნინო ნადირაძემ წარმოადგინა იქ და რაზეც იგი მეტყველებდა, ამაზე არანაირი მტკიცებულება არ არის სამედიცინო დოკუმენტაციაში. შესაბამისად, ეს იყო მხოლოდ ჭორაობა. რაც შეეხება იმას, რომ ცენტრი „ემპათია“ დაბალკალორიულ დიეტას უნიშნავს მიხეილ სააკაშვილს, ეს არის სრულიად ტყუილი, სიცრუე. ტელეპატიურად თუ გადავცემთ, ვერ გეტყვით და ოთხი ნოემბრის იქით ჩვენ არ გვინახავს პაციენტი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.