მარიამ ჯიშკარიანი - „ემპათიას“ დასკვნა გარანტიაა, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლოში სარჩელი 99%-ით მოგებული იქნება
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის სახელით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შედის, რომელსაც მთავარ მტკიცებულებად ორგანიზაციის დასკვნა მიჰყვება.
„სარჩელი ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევას ეხება. ეს გახლავთ ევროკონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლოს ხელყოფა), მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახის უფლება) და მე-13 მუხლი (ეფექტური გამოძიების დარღვევა).
სარჩელთან ერთად მთავარ მტკიცებულებად სარჩელს დასკვნა მიჰყვება. ეს გახლავთ კომპლექსურ-კომისიური, სასამართლო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადებულია ცენტრ „ემპათიას“ 10 სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტის მიერ. დასკვნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მომზადებული – ეს სტამბოლისა და მინესოტას პროტოკოლებია“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
მისი თქმით, აღნიშული ექსპერტიზის დასკვნა სხვა დასკვნებისგან, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისგან იმით განსხვავდება, რომ საერთაშორისო სტანდარტითაა შესრულებული და იმის გარანტიაა, რომ 99%-ით, ევროსასამართლოში სარჩელი მოგებული იქნება.
„დასკვნა ცალსახად განმარტავს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში უკანონო თავისუფლებააღკვეთილი იყო, მის წინააღმდეგ წამების სხვადასხვა მეთოდი განხორციელდა, რამაც მძიმე ტრავმული დაზიანებები გამოიწვია. სწორედ წამების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმული დაზიანებები გახდა ტრავმული შოკის მიზეზი, რამაც საბოლოო ჯამში ის იქამდე მიიყვანა, რომ გულის მწვავე უკმარისობა განვითარდა, რის შედეგადაც სიკვდილი დადგა.
აღნიშნული დასკვნა იმის გარანტიაა, რომ 99%-ზე მეტი ალბათობით, სარჩელი მოგებული იქნება. ვფიქრობთ, იმის გარდა, რომ რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა დაეკისრება, ასევე დაკისრებული იქნება ამ საქმის გამოძიება. ვინაიდან, ისევე, როგორც რუსეთმა, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციოზმა აღნიშნული მძიმე დანაშაულის გამოძიებაზე უარი განაცხადა.
ის კომპენსაცია, რომელიც ამ სარჩელის შედეგად ოჯახს ელოდება, ვერანაირად ვერ ამოავსებს იმ დანაკლისს და იმ სერიოზულ დარტყმას, რომელიც ოჯახმა მიიღო. მინესოტას პროტოკოლის შესაბამისად, ოჯახიც წამების მსხვერპლად განიხილება“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.