საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში განმარტავს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ორი პრინციპის გამო არ მისცა ხმა. ჯაში ამბობს, რომ პირველი პრინციპი პარლამენტარიზმი და თავად პარლამენტის წევრის იმუნიტეტის პატივისცემაა, მეორე კი ის, რომ პირადად მან საკმარისი არგუმენტები ვერ მიიღო.
„სამართლებრივი საფუძველი უკავშირდება თავად არგუმენტაციის სიძლიერეს და იმ მოცემულობას, რომლის საფუძველზეც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეს არსებული რეგლამენტი არ გვავალდებულებს შინაარსობრივ განხილვებში შესვლას, პრაქტიკულად ის არის უფრო პროცედურული ხასიათის, ვიდრე შინაარსობრივი განხილვის, რომელიც გვაძლევს მტკიცებულებათა სირთულის განხილვის შესაძლებლობას. ამ მოცემულობით მივიღე გადაწყვეტილება და ჩავთვალე, რომ არ იყო ჩემთვის პირადად საკმარისი მამტკიცებელი საფუძვლები, რომ მივიღო ისეთი სენსიტიური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა კოლეგისათვის იმუნიტეტის მოხსნას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა მან გუნდურობის პრინციპი და შესაძლოა თუ არა, ამის შემდეგ დადგეს მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, ჯაში ამბობს, რომ თავად ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და 2012 წლიდან, იმ დროიდან, როცა „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა, ამაყობს თითოეული იმ რეფორმით, რომლის განხორციელებაც გუნდმა შეძლო.
„ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ აძლიერებს გუნდს. თუკი ჩვენ გვექნება განხილვა, თუკი ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება გუნდურობის პრინციპის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მზად ვარ, შედგეს საუბარი. თუკი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს შეიძლება აისახოს გუნდის მუშაობის შემდეგ ეტაპებზე, მე მზად ვარ, მოვისმინო ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.