მარიამ ჯაში - საზოგადოების წარმომადგენლების საერთო მიზანია, ახალგაზრდები დაცულნი იყვნენ ნარკოპოლიტიკის მავნე ზემოქმედებისგან
მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია რეგისტრირებული, გადის რევიზიას. კანონპროექტი კიდევ დაიხვეწება და ეს არის სწორედ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის გზა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოების წარმომადგენლების საერთო მიზანია, ახალგაზრდები დაცულნი იყვნენ ნარკოპოლიტიკის მავნე ზემოქმედებისგან.
„ჩემი კოლეგებისთვის, პირადად ჩემთვის, ჩვენი თანამოაზრეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება, ახალგაზრდა თაობის დაცვა ნარკოდანაშაულისგან და მასთან ასოცირებული ჯანდაცვის რისკებისგან. ჩვენ თუ გვინდა ცივილურ ნარკოპოლიტიკას მივსდიოთ და რეალურად ადამიანის უფლებები დავიცვათ, სამი გზით უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში, ეს არის ნარკომომხმარებელთა მიმართ ჰუმანიზაცია არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, უმკაცრესი ბრძოლა გამსაღებლებთან და დაბალანსება სახელმწიფო რესურსების დღეს არსებული, შედარებით რეპრესიული პოლიტიკიდან სამედიცინო და სარეაბილიტაციო პროგრამებით. დიდია აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ გარწმუნებთ, აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოების წარმომადგენლების საერთო მიზანია, ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობები დაცულნი იყვნენ ნარკოპოლიტიკის მავნე ზემოქმედებისგან. ჰუმანიზაცია არის ერთადერთი გზა, მოხდეს პრევენცია, მოხდეს მეტი სამკურნალო ღონისძიებების მიწოდება და რეალურად, დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური ნარკოპოლიტიკით ცვლილება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.