მარიამ ჯაში - საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, რომელსაც 100 წლის წინ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალი პოლიტიკოსები ჰყავდა
საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, რომელსაც 100 წლის წინ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალი პოლიტიკოსები ჰყავდა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ასეთ ქვეყანას უფრო შეეფერება, პოლიტიკაში ქალბატონების უფრო ფართო წარმომადგენლობა ჰყავდეს“, – განაცხადა ჯაშმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის კვოტირების ხელოვნური ელემენტი იმის გარანტი, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა ხარისხიანი იქნება და მართლაც დაინტერესებული ქალების ჩართულობას მივიღებთ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ბუნებრივია, რჩება მანიპულირების რისკები, საარჩევნო სიის შედგენა კვოტირების მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოხდეს, არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ ლოიალობის ნიშნით, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა, 30-წლიანი ისტორია უფრო დიდი პარადოქსია.
„ქართული პოლიტიკა საკმაო პარადოქსებით არის სავსე და ჩემთვის ერთ-ერთი პარადოქსი არის 30 წლის განმავლობაშ ქალთა საკმაოდ დაბალი ჩართულობა, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ხშირად ამბობენ, რომ აკადემიური მომზადებით, თუ პროფესიული კვალიფიკაციით საკმარისი რესურსი არ არის ქალბატონებს შორის, რომ მათ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, რასაც ვერ დავეთანხმები, რადგან საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით, საქართველო გამოირჩევა ე.წ გენდერული პარიტეტით, ანუ თანასწორობის საკმაოდ მაღალი ინდექსით და მათ შორის, სკოლებსა და უნივერსიტეტებში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, გოგონები და ახალგაზრდა ქალბატონები უკეთესი შედეგებით გამოირჩევიან. ანუ, აკადემიურ მზადებასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჯაშმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად აქვთ პარტიებს იმის რესურსი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული კვოტირების მოთხოვნა დააკმაყოფილონ, რადგან აქ თანაბარი პროპორციაა, 50-50-ზე და შეზღუდავს თუ არა ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიულ ჩართულობას, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ეს პარტიებისთვის საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ თუ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაში არსებულ პარიტეტს გავითვალისწინებთ, მსგავსი სიების შედგენა რეალისტური იქნება.
მისი თქმით, საქართველომ 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, გადაწყვეტილებების მიღების აქტიურ პროცესში 15%-ზე მეტი აქტიური ქალი პოლიტიკოსი შეეყვანა, რადგან საქმე გვაქვს გარკვეულ სტერეოტიპებთან და ბარიერებთან, რაც ქალებს ხელს უშლის, პოლიტიკაში უფრო მეტად გამოჩდნენ.
„უაღრესად მახარებს ის, რომ სხვადასხვა რეგიონიდან გვაქვს გამოხმაურება არაჩვეულებრივი კანდიდატების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ კვოტირების მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, არამედ ჩვენ გუნდში განსაკუთრებული ცოდნით და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ქალბატონები იქნებიან“, – განაცხადა ჯაშმა.
მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკა და მეცნიერება გვეუბნება, რომ პოლიტიკაში რაც უფრო მეტი ქალია, ეკონომიკები უფრო ძლიერია.
„სტატისტიკურად, პირდაპირი კავშირია აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიისა და თავისუფლების ინდექსებთან. თუნდაც, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ანალიზი გვეუბნება, რომ ქალთა ჩართულობა პირდაპირ აისახება ეკონომიკური დოვლათის გაფართოებაში და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.