მარიამ ჯაში - რომან გოცირიძის ინიციატივით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს ჩრდილი მიადგება
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის ინიციატივას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეცვლას ითვალისწინებს. როგორც პირველ არხს მარიამ ჯაშმა განუცხადა, მსგავსი ინიციატივით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს ჩრდილი მიადგება.
„ამ ინიციატივას ვერ დავეთანხმები, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას პირდაპირ დააზარალებს. საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული დამოუკიდებლობის სტატუსი აქვს და კონსტიტუციური ცვლილებებით, მისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. მსგავსი ინიციატივით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს ჩრდილი მიადგება. ძალიან მიხარია, რომ რეფორმის თვალსაზრისით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი, რომელიც მაუწყებელს უფრო რეიტინგულს გახდის. შესაბამისად, კოლეგებს ვთხოვ, იმ ცვლილებებს შინაარსობივად გაეცნონ, რომელიც დამოუკიდებლობის გაზრდას და ასევე შესყიდვების კანონში ცვლილებების განხორციელებას ეხება“, – დასძინა ჯაშმა.
რომან გოცირიძის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ცვლილებების მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმა უქმდება, რომლის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტის.
ინიციატივის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განისაზღვრება.