მარიამ ჯაში - ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებები შესაძლებელია, თუკი შედგება კონსენსუსი, ეს არის ოდირის მთავარი მესიჯი
მარიამ ჯაში - ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებები შესაძლებელია, თუკი შედგება კონსენსუსი, ეს არის ოდირის მთავარი მესიჯი

ოდირის შეჯამება გახლავთ ის, რომ ყველა მოდელზე შესაძლებელია როგორც მიმღებლობა, ისე მსჯელობა და რაც მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს არის მკაფიო რეკომენდაცია, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელი იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მიმდინარე დიალოგი არ დასრულდა შედეგით და კონსენსუსით, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება დადებითად შეფასებული.

„რამდენიმე ძირითადი მესიჯია აღნიშნულ დასკვნაში. პირველ რიგში ხაზი ესმევა და ცალსახა რეკომენდაციას არ იძლევა კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით დასკვნა. აღნიშნულია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა იქნას განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ძირითად რეკომენდაციას, ბუნებრივია, ეუთო/ოდირი აჯამებს და აფასებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. შეჯამება გახლავთ ის, რომ ყველა მოდელზე შესაძლებელია როგორც მიმღებლობა, ისე მსჯელობა და რაც მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს არის მკაფიო რეკომენდაცია, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელი იქნება. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შედგეს კონსენსუსის საფუძველზე. შესაბამისად, თუკი მიმდინარე დიალოგი არ დასრულდა შედეგით და კონსენსუსით, ბუნებრივია ეს ვერ იქნება დადებითად შეფასებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეხუთე რაუნდით მხარეები შეძლებენ კონკრეტული პოზიციების შეჯერებას“,- განაცხადა ჯაშმა.

როგორც ჯაში აცხადებს, დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ მაქსიმალურად დროულად უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ როგორც ცესკო-ს, ისე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მიეცეს შესაბამისი დრო, წინასაარჩევნო მოსამზადებელი პერიოდისთვის.

„რაც შეეხება ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას, ეუთო/ოდირი ასკვნის, რომ შესაძლებელია ცვლილების გატარება. ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილებები შესაძლებელია, თუკი შედგება კონსენსუსი, ეს არის მთავარი მესიჯი. თუკი არ მოხდა პოზიციების დაახლოებისკენ ნაბიჯების გადადგმა სახელისუფლო გუნდის მხრიდან, ვშიშობ, პროცესი ჩიხში შევიდეს. თუკი კონსენსუსი ვერ შედგა, ბუნებრივია ერთადერთ ალტერნატივა რჩება არსებული სისტემით ჩატარება, რაც არათუ მკაცრ კრიტიკას გამოიწვევს საქართველოში ოპოზიციის მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც ვერ იქნება დადებითად შეფასებული“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.