მარიამ ჯაში - მინდა, მოსწავლეები და აბიტურიენტები დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია
მინდა, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი კენჭისყრის შედეგით, მიღებული გადაწყვეტილება სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხნის შესახებ, არ იცვლება.
„აღნიშნულით ის მოცემულობა და გადაწყვეტილება არ იცვლება, რაც არის მიღებული. ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა. მხარდაჭერის პრობლემა არ არის, არის ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები არსებობს. ორი შესაძლებლობა გვაქვს – არა უგვიანეს 16 აპრილისა დავაყენოთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემა არ გვაქვს, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვცდილობთ, გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი. როგორც კი ეროვნული ბანკის მოხსენება დასრულდება და თუ დროულად დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება, კენჭისყრის პროცედურას მივუბრუნდებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.