კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ კანონპროექტი მომზადდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა და უფრო თანმიმდევრული გახდება ის ისტორიული მონაცემები, რომელიც მიეწოდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს.
„უაღრესად სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადები და ვითარდება ტურიზმის სფერო, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ იმ ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა, რომელიც ტურისტებს მიეწოდებათ. საკითხი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ ეროვნული კატეგორიის ძეგლების ინფორმაციის დაცულობის გარანტიებზე, ხოლო შემდგომ აღნიშნული პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. უახლოეს მომავალში კი მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით კანონპროექტის ინიცირებამდე გაგრძელდება გაფართოებული შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.