მარიამ ჯაში - განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურის რეფორმის შესახებ იმსჯელეს.
მინისტრის მოსაზრებით, განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება. მისი განცხადებით, სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობს ექსპერტებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად. მას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და პროფესიული განათლების რეფორმის დაწყებაზე გამახვილდა ყურადღება.
მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კონკრეტული წინადადებები, განსაკუთრებით, სკოლის ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, სოფლის სკოლების პრობლემებზე. კომიტეტის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პროფესიული განათლების რეფორმის სწარაფად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პროფესიული განათლება ძალადობის მსხვერპლი პირების, განსაკუთრებით, ქალებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, განათლების დაფინანსების გაზრდა პარლამენტისა და მთავრობის ზოგადი პოზიციაა. მისი ინფორმაციით, 2021 წლისთვის განათლების დაფინანსების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სულ მცირე, 6%-იან ნიშნულზე იგეგმება.
„2019 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სექტემბრის ბოლოსთვის კომიტეტი ელოდება სამინისტროს მიერ კონკრეტული დეტალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, რომელიც გახდება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საფუძველი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, კომიტეტი სამინისტროსთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.