პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საზოგადოებას ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაანახა, რომ აუცილებელია არსებული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები გამკაცრდეს.
როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, რეგულაციები უნდა გაძლიერდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე აქტების დონეზე.
„უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმება შედგა, რომელიც საკითხს კომპლექსურად შეისწავლის და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რა შეიძლება გაკეთდეს როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის თვალსაზრისით.
მზად ვართ, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ და თუკი კანონმდებლობის დონეზე ცვლილებების მომზადების რეკომენდაცია იქნება, პარლამენტის მიერ გაზიარებული იქნება. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. თუკი კვლევის მონაცემებს დავაკვირდებით, ძალადობის მსხვერპლი ან თავად ძალადობის ჩამდენი მოზარდები არიან, ან სოციალურად დაუცველები, ან სოციალურად დაუცველთა ზღვართან მყოფი ოჯახების შვილები. ასევე არსებულ ოჯახებში ხშირია განქორწინება, რაც განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ სკოლებში ფსიქოლოგიური სამსახური უნდა გაძლიერდეს. როცა საუბარი პრევენციაზეა, აქ მხოლოდ დისციპლინურ-დამსჯელობით ღონისძიებებზე არ უნდა იყოს მსჯელობა. ეს უნდა იყოს ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების კომპლექსი, რომელიც მანდატურის სამსახურთან კოორდინაციაში უზრუნველყოფენ ჩვენი შვილების დაცვას.
ძალადობის ერთ-ერთი გამოვლენა ბულინგია, რასთან დაკავშირებითაც რეგულაციები ძირითადად განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმებსა და ბრძანებებს მოიცავს. ამდენად, აუცილებლად უფრო მაღალ იერარქიულ დონეზე უნდა ავიყვანოთ პრევენციისა და დაგეგმვის საკითხები. აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალადობრივი ფორმების გამოვლინებას ნულოვან ტოლერანტობას გამოუცხადებს”, – განაცხადა ჯაშმა.