მარიამ ჯაში - არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების ტესტი არის ყველაზე სამართლიანი, დემოკრატიული და სოციალური თანასწორობის გარანტი, მცდარია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მოსაზრებით, რეპეტიტორობის ინსტიტუტს არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო ფორმა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მოსწავლეების მშობლების 73% მიიჩნევს, რომ აუცილებელია ზოგადი უნარების ტესტებისთვის დამატებით რეპეტიტორთან მომზადება.
მისივე თქმით, რეპეტიტორები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მაგრამ რეპეტიტორობის ინსტიტუტს არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო ფორმა და ათიათასობით ოჯახი არ უნდა იყოს იძულებული, რომ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯოს კანონით გარანტირებული განათლების მისაღებად.
„დაფინანსების მიბმა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებზე სოციალურ უთანასწორობას აღრმავებს. ზოგადი უნარების ტესტების შედეგები ყველაზე კარგად ასახავს სხვაობას ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეების მიერ დაფიქსირებულ შედეგებს შორის. ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ ქალაქად და სოფლად მცხოვრები აბიტურიენტების შედეგებს შორის 7,5 ქულიანი სხვაობა ფიქსირდება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოხსენება შემდეგ.
კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ზოგადი უნარების გამოცდის საკანონმდებლო დონეზე სავალდებულოდ განსაზღვრის თაობაზე.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო მასშტაბით მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. თუმცა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართავთ ფართო განხილვას”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.