განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფაზე მუშაობა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ გამორიცხავს, რომ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფაზე მუშაობა ახალ წლამდე დაიწყოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ჯაშმა განუცხადა, ადმინისტრაციის თვალსაზრისით პრობლემები რაც უწყებების გაერთიანების გამო შეიქმნება, მოსალოდნელიც იყო.
„შარშან ორი უწყების გაერთიანების წინააღმდეგი ვიყავი. ამას აუცილებლად მხარს დავუჭერ, თუ იქნება, მთავრობის მზაობა. ეს უნდა მოხდეს განსაკუთრებით რეფორმის ფარგლებში, რომელიც კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ამ დარგების კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებისთვის. თუ საუბარი ოპტიმიზაციაზე იქნება, შესაძლებელია, ამ ორი დარგის გაერთიანება ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, რადგან ბევრ ქვეყანაში კულტურისა და ტურიზმის მიმართულება ერთად არის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახალ წლამდე დაიწყოს. თუ დროულად მოხდება გადაწყვეტილების მიღება მთავრობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს რესტრუქტურიზაციის პროცესს“, – განაცხადა ჯაშმა.