მარიამ გაბუნია - ჩინეთსა და თურქეთში ქართულ თაფლს აღიარება სჭირდება
ქართულ თაფლი თურქეთის და ჩინეთის ბაზრებზე რომ შევიდეს, ორივეგან სჭირდება აღიარება. თურქეთთან ამ მხრივ მუშაობა ბოლო სტადიაზეა და აღიარების შემდეგ, ქართული თაფლი ამ ბაზარზე შევა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში საქართველოსა და მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანა თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის 12-წლიანი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები მიმოიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარატამენტის ხელმძღვანელის მოსაზრებით, თურქეთის ბაზრის მეტი ლიბერალიზების ირგვლივ არსებული მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაიშვას გარკვეული ქართული პროდუქტები, მათ შორის თაფლი, რაც აქამდე თურქეთის ბაზარზე ვერ შედიოდა.
„თურქეთსა და ჩინეთში თაფლის მხრივ ერთნაირი მდგომარეობაა – ორივეგან თაფლი არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და გჭირდება აღიარება, რომ შეიტანო. თურქებთან ჩაკეტილი იყო გარკვეული პროდუქტები და სწორედ ამიტომ გავხსენით თურქებთან მოლაპარაკებები, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდგომი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ. რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, დეტალურად ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძირითადად რასაც საქართველო ითხოვს, არის ის, რომ დაიშვას პროდუქტები, რაზეც თურქეთმა არ გაგვიხსნა ბაზარი. ასეთია მაგალითად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – ხორცი, ცოცხალი ცხოველები და თაფლი. ყველა ქვეყანას ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნები აქვს, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიშია. თაფლი განეკუთვნება ცხოველური წარმოშობის პროდუქტს. არც ევროკავშირში გვქონდა თაფლის შეტანის უფლება, მაგრამ ორი წლის წინ მივიღეთ აღიარება. თურქეთთან დიდი ხანია, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უკვე ბოლო სტადიაზე ვართ მისული. ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ამაზე. სულ რამდენიმე დღის წინ მეც ვიმყოფებოდი თურქეთში და მოლაპარაკებები ამ თემასაც შეეხო, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და მალე ქართული თაფლი თურქეთის ბაზარზე შევიდეს“, – განუცხადა მარიამ გაბუნიამ „ბიზნესპარტნიორს“.