მარია ზახაროვა - ყირიმის ხიდზე თავდასხმა კიევის რეჟიმის მიერ განხორციელდა, გადაწყვეტილებები მიიღება ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების თუ პოლიტიკოსთა ჩართულობით
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
ზახაროვას თქმით, „კიევის მმართველი რეჟიმი არის ტერორისტული და მას აქვს საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა ნიშანი, ხოლო კიევში გადაწყვეტილებები მიიღება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით“.
„დღევანდელი თავდასხმა ყირიმის ხიდზე განხორციელებულია კიევის რეჟიმის მიერ. გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინის ოფიციალური პირებისა და სამხედროების მიერ, ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურებისა თუ პოლიტიკოსების უშუალო ჩართულობით. აშშ და დიდი ბრიტანეთი ახორციელებს ტერორისტული სახელმწიფოებრივი სტრუქტურის მართვას“, – წერს ზახაროვა ტელეგრამ-არხზე.
ცნობისთვის, გუშინ, ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ერთი დაშავდა. მომხდარის გამო ყირიმის ხიდზე შეწყვეტილი იყო ტრანსპორტის გადაადგილება. რუსეთში აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „დიდი ინტერესით აკვირდებიან, რომ პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო კიდევ ერთხელ ვერ უძლებს სამხედრო დატვირთვას“.
მანამდე, რუსულ „ბიბისისთან“ საუბარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ყირიმზე თავდასხმა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმა უპილოტო საზღვაო დრონებით მოაწყვეს.