მარია ზახაროვა - ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმემ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა. ამის შესახებ ზახაროვამ ტელეარხს „დოჟდთან“ საუბრისას განაცხადა.
„რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მაგალითებად მან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო მიმოსვლის განახლება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაასახელა.
ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, „თუმცა ამისთვის საჭიროა უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, რაზეც საქართველოს მთავრობა ჯერ უარს ამბობს.“