მარია ზახაროვა - შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს
შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ზახაროვა ასევე ეხმაურება ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნით, მინსკში „რაინეარის“ თვითმფრინავის დასმას და ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას.
ზახაროვას მტკიცებით, თავის დროზე „აშშ-ის მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავს ავსტრიის ტერიტორიაზე დაჯდომა აიძულეს, ხოლო უკრაინაში ბელარუსული ავიალაინერი აფრენიდან 11 წუთში დასვეს, რადგან ბორტზე ანტიმაიდანის აქტვისტი იმყოფებოდა“.
„შოკისმომგვრელი უნდა იყოს ყველაფერი ან სხვების ანალოგიური საქციელი არ უნდა გაგდებდეს შოკში. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიის გამოყენება მედიასაშუალებებით შესაბამისი აღქმის ფორმირებისთვის უკვე სათანდო ეფექტს არ იძლევა. ინტერნეტქსელს ახსოვს ძალისმიერი გატაცებისა და თვითმფრინავის იძულების წესით დასმის, უკანონო დაკავების შემთხვევები, რომლებიც „წესებისა და მორალის დამცველებმა“ განახორციელეს“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.
მინსკში 23 მაისს დააკავეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ, მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.