მარია ზახაროვა - რუსეთსა და ირანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება
რუსეთი და ირანი ახალ სტრატეგიულ შეთანხმებას მალე მოაწერენ ხელს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
როგორც ზახაროვა განმარტავს, ხელშეკრულებაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. ის მოიცავს რუსულ-ირანული მრავალმხრივი კავშირების მთელ კომპლექსს.
მისივე თქმით, ამჟამად არსებული შეთანხმება უკვე 20 წელს ითვლის და მას შემდეგ შეიცვალა როგორც საერთაშორისო პირობები, ასევე საერთაშორისო კონტექსტი.
„შეთანხმების ხელმოწერა რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების უახლოესი შეხვედრისას იგეგმება“, – განაცხადა ზახაროვამ.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხუთსაათიანი მოლაპარაკებები გამართა. განხილულ საკითხებს შორის კი ორ ქვეყანას შორის მზარდი პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო კავშირები იყო.