მარია ზახაროვა - რუსეთმა შეიარაღება მხოლოდ ავღანეთის კანონიერ მთავრობას მიაწოდა და არა „თალიბანს“
რუსეთმა შეიარაღება მხოლოდ ავღანეთის კანონიერ მთავრობას მიაწოდა და არა „თალიბანს“, როგორც ამას აშშ-ში ამტკიცებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუს მაღალიჩინოსნებთან შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს რუსეთისა და თალიბანის შესაძლო კავშირის საკითხი არასდროს დაუყენებია.
პირველ ივლისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი ავღანეთში აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და სავარაუდოდ, ათი წლის განმავლობაში აწოდებდა ქვეყანას იარაღს, რაც საფრთხეს უქმნიდა აშშ-ის ჯარებს.
„ამ კონტექსტში, მიზანშეწონილი იქნება გავიხსენოთ ავღანეთში აქტიურად მოარული ინფორმაცია, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების საიდენტიფიკაციო ნიშნის არმქონე ვერტმფრენებით მხარდაჭერას უკავშირდება, რომლის შესახებაც წელიწადნახევრის ან ორი წლის წინ ბრიფინგებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.