მარია ზახაროვა - რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების, ასევე უკრაინისა და საქართველოს მიერ ღია ცის შეთანხმების ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
მარია ზახაროვა - რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების, ასევე უკრაინისა და საქართველოს მიერ ღია ცის შეთანხმების ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით

რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების, ასევე უკრაინისა და საქართველოს მიერ ღია ცის შეთანხმების ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ განცხადებით მარია ზახაროვამ უპასუხა აშშ-ის ბრალდებებს რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

„ისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ რუსეთმა „აღმოფხვრას თავისი დარღვევები“, ვიდრე ვინმე დაიწყებს ფიქრს შეთანხმებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია ამ პრეტენზიებზე წარმოდგენილი და არგუმენტირებული იყო არაერთგზის. ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები სხვა სახელმწიფოების შეშფოთების გათვალისწინებით, თუმცა ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალებს ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების, ასევე უკრაინისა და საქართველოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. სერიოზულ პრეტენზიებს ჩვენ გამოვთქვამდით აშშ-ის მიმართაც შეთანხმებიდან მათ გასვლამდე. თუმცა, ეს უკვე ცუდ ტრადიციად იქცა, რომ ისინი რუსეთის შეშფოთებებს არ ითვალისწინებენ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარე მზად არის, იმუშაოს არსებულ სადავო საკითხებზე კომპლექსურად, თუმცა ამ საკითხების პრაქტიკული განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ღია ცის შეთანხმებაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ცალმხრივ დათმობებს რუსეთისგან არ უნდა ელოდონ“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებით სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურებს უახლოეს მომავალში დაასრულებს.

აშშ-მა ღია ცის შეთანხმება ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში დატოვა.

„ღია ცის შეთანხმება“ მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს. „ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.