მარია ზახაროვა - რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ რუსეთის დამარცხების ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო
მარია ზახაროვა - რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ რუსეთის დამარცხების ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო

მოსკოვში მიაჩნიათ, რომის პაპის მოწოდება ომის დასრულების შესახებ კიევისკენ და კიევის დასავლელი მოკავშირეებისკენ არის მიმართული, რათა დაივიწყონ რუსეთის დამარცხების ამბიციები და აღიარონ დაშვებული შეცდომები. მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„როგორც მე ვხედავ ამას, პაპი დასავლეთს სთხოვს, გვერდით გადადონ ამბიციები და აღიარონ, რომ ეს შეცდომა იყო“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დამარცხების ამბიციის ინსტრუმენტად იყენებს.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“. ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“, – განაცხადა რომის პაპმა ინტერვიუში.