მარია ზახაროვა - ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად არის ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ნატო სრულად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია. ამის შესახებ ზახაროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე მიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს.
„თქვენ ევროკავშირისა და ნატო-ს მოქალაქეები ნამდვილად სულელები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომლებსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?“ – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ჯავშანტექნიკა განკუთვნილია შეტევითი საბრძოლო მოქმედებებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი არ მალავენ, რომ ახალი შეიარაღება დაეხმარება კიევს უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლებაში, მათ შორის, ყირიმის.
„ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. იყო და იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვაზე დიდი ხანია, საუბარი აღარ არის, ხოლო კიევი და დასავლეთი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.