მარია ზახაროვა - ნატო-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადებები სტაბილურობის და უსაფრთხოების მიზნებს არ შეესაბამება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ალიანსში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სტაბილურობის და უსაფრთხოების მიზნებს არ შეესაბამება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას ნატო-ს სამიტისა და ალიანსის სამომავლო გაფართოების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
„ეს არ შეესაბამება იმ მაღალ მიზნებს, რომლებსაც ალიანსი აყენებს და რომლის შესახებაც აცხადებენ მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები – სტაბილიზაციის, უფრო მეტი პროგნოზირებადობის, უსაფრთხოებისა და ა.შ. შესახებ. მიდის სულ სხვა მიმართულებით, დიდწილად ეწინააღმდეგება ამ მიზნებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად იცით. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო რუსეთის ეს მიდგომა. პრაქტიკაში მგონი აშკარაა, რომ ამგვარ განცხადებებს და დიალოგებს უკვე მოჰყოლია საპირისპირო სავალალო შედეგები. არანაირი მეტი სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ან ინტერესთა ბალანსი ამას არ მოუტანია და არც მოიტანს. ამიტომ ეს არის რეალობას მოწყვეტილი, „ცივი ომის“ დროიდან რეინკარნაციული პოსტულატები“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთისგან საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების ერთგულებას ითხოვს, მაშინ როდესაც თავად დასავლეთის ქმედებები რუსეთი-ნატო-ს დამფუძნებელ აქტს ეწინააღმდეგება.
„რუსეთისგან კვლავ ითხოვენ საერთაშორისო სამართლისა და მისი ვალდებულებებისადმი ერთგულებას. თითქოს, ვიდრე რუსეთი ამას არ შეასრულებს, ალიანსი გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის „შეკავების“ კურსის გატარებას, მათ შორის აღმოსავლეთ ფლანგზე მოწინავე ყოფნით. ჩვენ გვარწმუნებენ, თითქოს ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არ ეწინააღმდეგება რუსეთი-ნატო-ს დამფუძნებელ აქტს. ამბობენ, რომ ალიანსი არ ისწრაფვის კონფრონტაციისკენ და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. თითქოს, ალიანსი თავის „ბადეში“ არ ითრევს ახალ-ახალ ქვეყნებს; თითქოს მისი წევრები არ ატარებენ რეგულარულად მრავალათასიან სწავლებებს (თანაც სხვის ტერიტორიებზე); თითქოს არ აახლოვებენ თავის სამხედრო პოტენციალებსა და ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვართან“, – აღნიშნა ზახაროვამ.