მარია ზახაროვა - ბრიტანეთი 14 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაში გვადანაშაულებდა, ახლა - ინტერვენციაში
დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის მიმართ პრეტენზიების სია შეუჩერებლად იზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელებში 14 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში რუსეთის სახელმწიფო აგრესიის რვა ფაქტი იყო დასახელებული, ხოლო დიდი ბრიტანეთის საელჩოში რუსეთში აკრედიტებული ელჩებისთვის წარდგენილ მასალაში საუბარი იყო რუსეთის მტრული ქმედებების 12 ფაქტზე.
„სულ ათი დღე გავიდა. შეუთავსებლობაა. რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე გავაკეთოთ სწორება? რა არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ არ ვაანალიზებთ ამ ბრალდებების აბსურდულობას – ჩვენ ვსაუბრობთ წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხზე“, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა შეცვალა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის ბრალდებების ფორმულრიება – თუ 14 მარტს ბრიტანეთის საგარეო უწყება რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა, დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრაზე გამართულ პრეზენტაციაზე, ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოში ინტერვენციაში დაადანაშაულეს.
ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით გაუკვირდა მოსკოვისთვის 2015 წელს ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში წაყენებული ბრალდება.
„ჩვენ ბუნდესტაგი გავტეხეთ მხოლოდ ერთხელ – 1945 წელს, როდესაც ბერლინი ნაცისტური შავი ჭირისგან გავათავისუფლეთ“, – აღნიშნა ზახაროვამ.
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, 22 მარტს, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ოთხი დღით ადრე, რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოში უცხოელ ელჩებს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც რუსეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ ჰანტსმანი ამბობს, სწორედ აღნიშნულმა დოკუმენტმა უბიძგა დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებს, რომ სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რუსეთი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, დამნაშავეა ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში.
წარდგენილი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე ჩამოთვლილია რუსეთის მტრული მოქმედებების მაგალითები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია საქართველოში.