მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონს ყვითელჟილეტიანთა აქციები შეახსენა
მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონს ყვითელჟილეტიანთა აქციები შეახსენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ბელარუსის მოვლენეთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას ყვითელჟილეტიანთა საპროტესტო გამოსვლები შეახსენა.

„როდის სთხოვს ის ევროკავშირს მობილიზების გაგრძელებას ასობით ათას ყვითელჟილეტიანთან ერთად, რომლებიც მშვიდობიან მანიფესტაციებზე საკუთარი უფლებების, თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ითხოვენ? როდის შეწყვეტს ევროკავშირი წევრი ქვეყნების პრეზიდენტების თხოვნების ლოდინს და დაიწყებს საკუთარი ინიციატივით მობილიზებას თავის სივრცეში საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად? თვალთმაქცობა“, – წერს მარია ზახაროვა.

საფრანგეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მობილიზება ასობით ათას ბელარუსთან ერთად, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ საკუთარი უფლებების, თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის“.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა საპროტეტსო გამოსვლები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. აქციები ხშირად მასობრივი არეულობებით მთავრდებოდა.