მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ულტიმატუმებით“
რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ულტიმატუმებით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, სომხეთს ურჩევს, მსგავსი რიტორიკის ნაცვლად, სწორი საკომუნიკაციო გზები გამოიყენოს.
მარია ზახაროვამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დატოვებას გეგმავს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, მოსკოვი არასოდეს შეეწინააღმდეგება ნებისმიერი ქვეყნის უფლებას, საკუთარი საგარეო პოლიტიკა თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროს, თუმცა სომხეთის ქმედება არასათანადოა.
„სომხური ელიტის სურვილი, რომ განიხილონ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საკითხი ამ ორგანიზაციის მიღმა, დამაბნეველია“, – თქვა ზახაროვამ.