მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრობას ულოცავს.
ბურიჩი ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში.
„ევროპის საბჭოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახლად დაწყებული სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით. ვიცი, რომ თქვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დიდი ხნის წევრს, გაქვთ ძლიერი პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა ამ საკითხისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის დინამიკურ და კონსტრუქციულ წევრობას ევროპის საბჭოში, გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ევროპული გზის განსამტკიცებლად. გასულ წელს რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტმა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ერთიანობის განახლებას შეუწყო ხელი. მოუთმენლად ველოდები ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საერთო მიზნების მისაღწევად და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან მოვალეობებში“, – წერს ბურიჩი.